ქვემო ქართლის რწმუნებული: სადღესასწაულო დღეებში უნდა გატარდეს კანონით განსაზღვრული ზომები

428

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა, რომ, აღდგომასთან დაკავშირებული სადღესასწაულო დღეების მიუხედავად, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვისუნდა გატარდეს კანონით განსაზღვრული ზომები.

„მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი, აღმატებული და სენსიტიური დღეები გვაქვს და გვეხება ძალიან დიდი მასშტაბით, მაინც უნდა დავრჩეთ ადეკვატურნი და მივიღოთ ის ზომები, რაც კანონის ფარგლებში ჯდება“, – თქვა შოთა რეხვიაშვილმა პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას პრესკონფერენციის შემდეგ.

ჟურნალისტის კითხვაზე, იქნება თუ არა მისაწვდომი რუსთაველებისთვის ადგილობრივი სასაფლაო, რომელიც ტერიტორიულად გარდაბნის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, გუბერნატორმა უპასუხა, რომ „მიღებული იქნება ყველა ზომა და გაფრთხილებული იქნება მოსახლეობა, როგორ უნდა მოიქცნენ“.

15 აპრილს, 21:00 საათიდან ოთხ დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში – შესვლა და გამოსვლა 10 დღით აიკრძალება. გარდა ამისა, პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გაგრძელდება. ეს გადაწყვეტილება შესაბამისი საკანონმდებლო პროცედურების გავლის შემდეგ დამტკიცდება.

სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა თქვა, რომ დამატებითი შეზღუდვები, რომლებიც ხვალიდან რუსთავის მიმართ ამოქმედდება, არ შეეხება სტრატეგიულ ობიექტებს, იქ დასაქმებულ ადამიანებს და, ასევე, სადისტრიბუციო კომპანიებს. სტრატეგიულ ობიექტებში იგულისხმება პოლიცია, სამედიცინო სფერო, კომუნალური სამსახურები. გუბერნატორმა დასძინა, რომ სხვა მოქალაქეებმა, „ვინც დასაბრუნებელია ქალაქში, უნდა მიიღონ ზომები, ვინც გასასვლელია, უნდა მიიღოს ზომები. თუ არ მიიღებენ, ათი დღე მოუწევთ იქ ყოფნა, სადაც არიან“.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 306 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 69 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.