გახარია: მივაკითხავთ ყველა კომპანიას, რომელმაც დასაქმებულს რამდენიმე თვის ანაზღაურება არ გადაუხადა

1175

იმ კომპანიებმა, რომლებმაც თანამშრომლები გაუშვეს და გარდა იმისა, რომ შეენარჩუნებინათ, 1-2 თვის ანაზღაურება რაც უნდა გდაეხადათ და არ გადაუხადეს ამათ ყველას მივაკითხავთ. დარწმუნებული იყავით იმიტომ, რომ დღეს კრიზისია და ამის დრო არც ჩვენ გვაქვს, არც ამ კომპანიებს მაგრამ ყველას უნდა ახსოვდეს თავისი სოციალური პასუხისმგებლობა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, ბიზნესმა ისევე როგორც სახელმწიფომ უნდა იკისროს ვალდებულება უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებზე.

„კომპანიებს გარდა იმისა, რომ ვალდებულება აქვთ სახელმწიფოს ფული სთხოვონ, იგივე ვალდებულება აქვთ დასაქმებული ადამიანების მიმართ. როდესაც ადამიანს კრიზის გამო სამსახურიდან უშვებ, კომპანიას აქვს პირდაპირი სამართლებრივი ვალდებულება რამდენიმე თვის განმავლობაში ამ ადამიანს შესაბამისი თანხა გადაუხადოს. ეს ყველას კარგად ახსოვდეს. გადაივლის ეს კრიზისი და მერე ყველას მივხედავთ. მიუხედავად იმისა, რომა ხლა ყველას კარგად გვესმის, ახლა არის ის მომენტი როდესაც ყველა ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ. ეს პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გაითვალისწინოს. სახელმწიფო არ არის ერთადერთი ვინ სოციალური პასუხისმგებლობა უნდა იკისროს“, – განაცხადა გახარიამ.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი  გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 296 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 69 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.