გახარია: 150-ლარიანი დახმარება საკმარისი არაა, ამიტომ ეს თანხა გაიზრდება

1429

წინა სტატია

შეუძლებელია უბრალოდ, ვისაუბროთ სამსახურდაკარგული ადამიანების დახმარებაზე და არ გავითვალისწინოთ საარსებო მინიმუმი, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

150-ლარიანი დახმარება საკმარისი არაა, ამიტომ ეს თანხა გაიზრდება. 150 ლარი საარსებო მინიმუმზე ნაკლებია. შეუძლებელია უბრალოდ, ვისაუბროთ სამსახურდაკარგული ადამიანების დახმარებაზე და არ გავითვალისწინოთ საარსებო მინიმუმი. პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების მომენტისთვის მთავრობას უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული პოზიცია სოციალური დახმარების ნაწილში და ეს ასეც იქნება. გარდა ამისა, სოციალური დახმარების ნაწილობრივი პაკეტი მთავრობამ უკვე წარადგინა – კომუნალური ხარჯების ნაწილში უკვე ვეხმარებით მოსახლეობას და ეს ძალიან დიდი მოცულობის კომპონენტია. ეს გააზრებულად გავაკეთეთ, ვინაიდან ვიცოდით, რომ მიზნობრივი და წერტილოვანი დახმარებისთვის გარკვეული დრო დაგვჭირდებოდა. ბევრი რამ არის გასაკეთებელი და დასადგენი. ეს არ არის ერთდღიანი ან ერთთვიანი კრიზისი. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ამ კრიზისში ყოფნა ერთი წელი ან წელიწადნახევარი მოგვიწევს. ეს გამოწვევა ყოველთვის უნდა გვახსოვდეს. ჩვენ შეიძლება ეკონომიკა გავხსნათ და კომპანიებს მუშაობის საშუალება მივცეთ, მაგრამ 65 წელს გადაცილებული მოქალაქეები შეიძლება კარანტინში კიდევ თვეების განმავლობაში დარჩნენ. ჩვენთვის ათვლის ფორმალური წერტილია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და როდესაც მის გახანგრძლივებაზე ვისაუბრებთ პარლამენტში, ეს გეგმა გვექნება“, – განაცხადა გახარიამ.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი  გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 296 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 69 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.