IMF: უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს საქართველოს მთავრობა 6 თვის განმავლობაში 150 ლარს გადაუხდის

585

სტატიის გაგრძელება

საქართველოში იმ ადამიანებს, ვინც კორონავირუსისგან შექმნილი ვითარების გამო სამსახური დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში მთავრობა ყოველთვიურად 150 ლარი გადასცემთ, – შესაბამისი ინფორმაცია მსოფლიო სავალუტო  ფონდის ვებ-გვერდზე სპეციალურ ანგარიშშია მოცემული, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფოს მიერ მიღებულ ანტი-კრიზისულ გეგმებს ეხება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ უმუშევრად დარჩენილების სუბსიდირების შესახებ ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან შეაგროვეს.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის განმარტებით, ამ თემაზე განცხადება დღეს, 14 აპრილს გაკეთდება.

ვიცეპრემიერის მაია ცქიტიშვილი აცხადებდა, რომ იმას თუ რამდენ უმუშევრად დარჩენილს დაეხმარება სახელმწიფო, სამსახურდაკარგული ადამიანების რიცხვი განსაზღვრავს.

“ჩვენ შევძლებთ კონკრეტული ციფრების დასახელებას, კონკრეტული თანხების შეთავაზებას ან კონკრეტული რაოდენობების დასახელებას იმის შესაბამისად, აპრილში რამდენმა ადამიანმა დაკარგა სამსახური მარტში და მაისში — რამდენმა დაკარგა აპრილში და ა.შ.”, — განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 296 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 69 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.