აიკრძალება თუ არა რუსთავში სააღდგომოდ სასაფლაოებზე გასვლა

450

“მიცვალებულთა მოხსენიების დღეს, სასაფლაოებზე, მასობრივი თავშეყრის ადგილი რომ გაჩნდეს, ჩვენ გარკვეულ რისკებთან გვექნება საქმე”, – ამის შესახებ “ინფო რუსთავის” გადაცემაში “free live”, ქალაქის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა.

რუსთავში, სააღდგომოდ სასაფლაოზე გასვლა არ იკრძალება, თუმცა, ქალაქის მერის თქმით, იმისათვის, რომ ხალხმრავლობა არ შეიქმნას, უმჯობესია, საფლავებზე გასვლა, სხვადასხვა დღეებში მოხდეს.

“გულწრფელად რომ გითრათ, ასეთი რთული კითხვა ჩემთვის არასდროს არავის დაუსვამს. ვფიქრობ, რომ უფრო მეტი თავშეკავება უნდა გვქონდეს. უნდა შევქმნათ პრეცენდენტი და კანონის ფარგლებში მოვახდინოთ ამ ყველაფრის აღსრულება. ეს იქნება ჩემი მოსაზრება. შეუძლებელი არაფერი არ არის, მთავარია სწორად მიიღოს ხალხმა ინფორმაცია. ეს რეკომენდაციები და რეგულაციები ჩვენს უსაფრთხოებას, ჩვენი ოჯახის და შვილების უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტია”,- განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

შეგახსენებთ, რომ თავშეყრის ადგილებში 3 პირზე მეტის ყოფნა და ავტომობილით სამზე მეტი ადამიანის გადაადგილება იკრძალება. ასევე უნდა მოხდეს სოციალური დისტანციის გათვალისწინება, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული წესების დარღვევისთვის პირები 3000-3000 ლარით დაჯარიმდებიან.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 296 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 69 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.