პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, თუ სახელმწიფოს მიერ გაცემული რეკომენდაციები და დადგენილი წესები შესრულდება, მაისიდან, სავარაუდოდ, მაისიდან შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება. ამის შესახებ მან ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, პირველი ეტაპის ეფექტურად მართვა არ არის გარანტია, რომ ვირუსის გავრცელების შემდეგი ეტაპი თავისთავად დაბალი იქნება და ამიტომ, თითოეულმა მოქალაქემ შეასრულოს ის რეკომენდაციები და წესები, რასაც ჩვენი ჯანდაცვის სამსახურები გვაძლევენ.
“ხელისუფლებამ, მთავრობამ, ჯანდაცვის სამსახურებმა ეფექტურად მოვახდინეთ პირველი ამოცანის გადაჭრა და ეს იყო ვირუსის მასიური გავრცელების შეკავება. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანა იყო, რომელმაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებები და უსაფრთხოების ზომები ყველაზე პირველმა მიიღო, როგორც ჯანდაცვის, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით. ყველა ზომა იყო დროულად და ეფექტურად განხორციელებული, თუმცა ხაზგასმით მინდა თანამოქალაქეებს ვუთხრა – ის, რომ საქართველომ მოახერხა და შეძლო პირველი ეტაპის ეფექტურად მართვა, ეს არ არის გარანტია იმის, რომ ვირუსის გავრცელების შემდეგი ეტაპი იქნება დაბალი გავრცელების პირობებში მხოლოდ იმიტომ, რომ პირველ ეტაპზე ყველა ღონისძიება გავატარეთ.
თითოეულმა ჩვენგანმა ექიმებთან და ეპიდემიოლოგებთან ერთად უნდა შეასრულოს ის რეკომენდაციები და წესები, რასაც ჩვენი ჯანდაცვის სამსახურები გვაძლევენ, რადგან თითოეული მოქალაქის მიერ პასუხისმგებლობის გააზრება და წესების დაცვა შეიძლება იყოს მხოლოდ იმის წინაპირობა, რომ საქართველომ გავრცელების შემდეგ ეტაპზე დაბალი მრუდი შეინარჩუნოს. სხვა შემთხვევაში, თუ წესებსა და რეკომენდაციებს უგულებელვყოფთ და თუ არ დავეხმარებით ჩვენი ჯანდაცვის სისტემას, მგონი, ყველასთვის ნათელია, რომ გარდაუვალი იქნება გავრცელების მაღალი პიკი, რაც შემდეგ დარტყმის ქვეშ დააყენებს ჯანდაცვის სისტემას და მომეტებულ საფრთხეს შეუქმნის ჩვენს მოქალაქეებს.
რაც უფრო მეტად დავიცავთ წესებსა და უსაფრთხოებას, ეს არის წინაპირობა იმის, რომ მით უფრო მალე დავუბრუნდებით ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე იყო“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 266 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 67 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.