რატომ გადააქვს ყინულის მოედანი ზუგდიდის მერიას, და არა მიწის მესაკუთრეს

831

წინა სტატია

ზუგდიდის მერიამ ყინულის მოედნის დემონტაჟზე ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებულმა კომპანიამ მოედანი ყოფილი კომკავშირის პარკში უნდა გადაიტანოს. დემონტაჟისთვის  ადგილობრივი ბიუჯეტიდან 287,533 ლარი დაიხარჯება. მიწა ყინულის მოედნის გარეშე უკვე ნაყიდი აქვს დეველოპერულ კომპანია “მ²-ს”. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.

სწორედ კომპანია “მ²”-ის გენერალური დირექტორი ირაკლი ბურდილაძე ჯერ კიდევ შარშან გამოთქვამდა მზადყოფნას, რომ მისი კომპანიისთვის მიწის მიყიდვის შემთხვევაში, ყინულის მოედნის დემონტაჟს და მერიის შერჩეულ ადგილზე აწყობას თავისი ხარჯებით უზრუნველყოფდა. კომპანია “მ²-მა” მიწაში 7 მილიონ 270 ათას 118 ლარი გადაიხადა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ დემონტაჟის ტენდერში გაიმარჯვებს, მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ გადახდილი თანხის ნაწილს, ხარჯების გამოკლებით უკან დაიბრუნებს.

“ტენდერში მონაწილეობის მიღება “მ²-საც” შეუძლია. ვიცი, არის მათი დაინტერესებაც, მე მგონი და ალბათ მიიღებენ მონაწილეობას”, – უთხრა “ლაივპრესს” მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის უფროსმა მიხეილ ჭკადუამ.

მისივე თქმით, მიწის მფლობელ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით, ყინულის სახლის დემონტაჟის ვალდებულება მერიამ საკუთარ თავზე აიღო. თუ რატომ, მერიის წარმომადგენელი ასე განმარტავს:

“ჩვენ გავიტანეთ აუქციონზე და “მ²-მა” ინვესტიცია უნდა განახორციელოს. დემონტაჟი და მონტაჟი მეორე თემაა. ეს ხარჯებთან არის დაკავშირებული და ინვესტიციად ვერ ჩაითვლებოდა”, – გვითხრა სამსახურის უფროსმა.

საკრებულოში ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ლაგვილავა ამბობს, რომ “მ²” თავად დაშლიდა ყინულის მოედანს და გასწევდა ყველა აუცილებელ ხარჯს იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლება მიწას სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცემდა.

ყინულის მოედნის გადატანაზე მზაობის შესახებ შარშანდელ განცხადებას ახლაც ადასტურებს მიწის მფლობელი კომპანიის წარმომადგენელი, მაგრამ მიწის ერთ ლარად გადაცემაზე არაფერს ამბობს.

“მიწის გასაყიდად გამოცხადებული აუქციონის პირობებში არაფერი იყო ნათქვამი ამ (დემონტაჟი) ვალდებულებაზე. ტერიტორიის შესაძენად კი ძალიან დიდი თანხა გადავიხადეთ”, – გვითხრეს კომპანიაში.

ყინულის მოედნის დემონტაჟის წინააღმდეგი არიან ზუგდიდელი სამოქალაქო აქტივისტები და კარვების აქციას გეგმავენ. როსტომ ზარანდიამ გვითხრა, რომ გააპროტესტებენ როგორც დემონტაჟს, ისე სასტუმროს მშენებლობას:

“შევეცდებით ტექნიკა არ შევაყვანინოთ და ყველას გავაგებინოთ, რა უმსგავსობა გააკეთეს ხალხის თვალწინ, ხალხის გარეშე, ხალხის სახელით”.

კომპანია “მ²-მა” ყინულის მოედნის ტერიტორიაზე 8 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს და 80 ნომრიანი საერთაშორისო სტანდარტების ბრენდული სასტუმრო ააშენოს.

მიწის გაყიდვის ინიციატივას შარშან არაერთი საპროტესტო აქცია მოჰყვა. მიწის გასხვისების გადაწყვეტილება დაპირისპირებით დასრულდა ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზეც, სადაც სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო პლაკატები მიიტანეს.