ქობულეთის საკარანტინო ზონაში დისტრიბუციის მანქანები შევიდა. მათ სოფლებში სურსათი შეიტანეს. სოფლებში ძირითადი მოთხოვნა ბოსტნეულსა და ხორცპროდუქტებზეა.
დისტრიბუციასთან ერთად რეგიონში სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგებლები შევიდნენ, რომლებიც სურსათის რეალიზაციისას უსაფრთხოების დაცვას გაუწევენ მონიტორინგს. გააკონტროლებენ ფასებსა და სადეზინფექციო სამუშაოებსაც.
მეორე დღეა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავროკაში მკაცრი კარანტინი მოქმედებს.
ადამინისტრაციული ერთეულების შესასვლელებთან ბლოკპოსტები მოწყობილი, რომელსაც ძალოვანი უწყებები აკონტროლობენ. მოსახლეობას სახლიდან გარეთ გამოსვლა მხოლოდ პროდუქტის და მედიკამენტების შესაძენად ან სამედიცინო დაწესებულებაში წასასვლელად შეუძლია. შემოვლითი გზების ბლოკირებისთვის სამხედროები გადაადგილების შეზღუდვის მცირე ზომის 7 პუნქტზე არიან მობილიზებული.
”COVID 19”-ით მხოლოდ ქობულეთის კლასტერიდან 20 პირია ინფიცირებული. მათ შორის არის სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელიც.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 266 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 67 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.