- აზერბაიჯანის საელჩოს, კომპანია “სოკარისა” და საქართველოში მოღვაწე აზერბაიჯანელი ბიზნესმენების ასოციაციის ერთობლივი ორგანიზებით, დღეს რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებს, მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებისთვის სასურსათო პაკეტები გადაეცათ.
ჰუმანიტარული ტვირთი რუსთავში, აზერბაიჯანის ელჩმა საქართველოში, დურსუნ გასანოვმა და კომპანია “სოკარის” პრეზიდენტმა საქართველში, მახირ მამედოვმა ჩამოიტანეს. 100 ყუთი ჰუმანიტარული ტვირთით სავსე მანქანა, რუსთავის მერიასთან დღეს დილით მოვიდა.
საელჩოს და “სოკარის” წარმომადგენლებს ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა დახვდნენ.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა და რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ დიპლომატიური კორპუსისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, მადლობა გადაუხადეს, რეგიონში კოვიდ19-ის წინააღმდეგ მიმდინარე პრევენციულ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის.
“ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ ჰუმანიტარულ კამპანიაში, რომელსაც ყოველდღიურად ვაწარმოებთ, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩაერთოს. დღეს აზერბაიჯანის ელჩმა საქართველოში, ბატონმა დურსუნ გასანოვმა და კომპანია “სოკარის” პრეზედენტმა მახირ მამედოვმა, რუსთაველებისთვის განკუთვნილი სასურსათო პაკეტები პირადად ჩამოგვიტანეს. ეს არის საქართველოში მოღვაწე აზერბაიჯანელი ბიზნესმენების შემოწირულობა. დიდ მადლობას ვუხდი მათ ამ თანადგომისთვის. ჩვენ ყველანი ერთნი ვართ ამ ბრძოლაში და მხოლოდ ერთმანეთის დახმარებით და ერთად დგომით დავამარცხებთ ამ გამოწვევას”, – განაცხადა რუსთავის მერმა.
პარასკევს აზერბაიჯანის მხრიდან დახმარება მარნეულის მუნიციპალიტეტმა მიიღო. შაბათს ანალოგიური ჰუმანიტარული ტვირთი გარდაბნის მუნიციპალიტეტშიც ჩაიტანეს.
ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.