რეხვიაშვილი: ჯერ კარანტინის რეჟიმის შერბილებაზე საუბარი ალბათ, ნაადრევია

408

ჯერ კარანტინის რეჟიმის შერბილებაზე საუბარი ალბათ, ნაადრევია იმიტომ, რომ საჭიროა იზოლაცია კიდევ გაგრძელდეს და გავრცელება დავიდეს ნულამდე, – განაცხადა ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

მისი თქმით, მარნეულში, ბოლნისსა და რუსთავში კორონავირუსის დაფიქსირების შემთხვევები მკვეთრად არ გაზრდილა, რაც საკარანტინე რეჟიმის დამსახურებაა.

„მარნეულში ახალი კერა იყო მარადისი, სადაც ოჯახიდან სამი დადასტურებული ფაქტი გვქონდა კორონავირუსის ინფექციის და გუშინწინ დაახლოებით 38 საკვლევი მასალა იქნა აღებული იმ მჭიდრო კავშირებიდან, რომელიც იყვნენ კონტაქტში ამ ოჯახთან. პასუხი ყველასთან უარყოფითია, სამი მიემატა ისევ ამ ოჯახიდან – ბებია, შვილი და სიძე.

სულ -მარეულში 14 დადასტურებული ფაქტია, ბოლნისში 10 და რუსთავში რჩება 8, ჯამში არის 32 შემთხვევა. მკვეთრი ნახტომისებური მატება არ გვაქვს, რაც კარგია და ეს არის ზუსტად იმ საკარანტინო რეჟიმის დამსახურება. ქვემო ბოლნისში სოფლის კარანტინმა რეალურად ის შედეგი გამოიღო, რომ ოჯახურ კლასტერს არ გაცდენილა ინფექციის გავრცელება და ეს ზუსტად იმ შეზღუდვებიდან გამომდინარეა. ამიტომ, ჯერ რეჟიმის შერბილებაზე საუბარი ალბათ, ნაადრევია იმიტომ, რომ საჭიროა იზოლაცია კიდევ გაგრძელდეს და ბოლოს და ბოლოს გავრცელება დავიდეს ნულამდე. რაც შეეხება რუსთავს, მოგეხსენებათ ეროვნული ბანკის კლასტერი იყო და სულ დადასტურებული ფაქტი იყო 8 და ამ დღეების მანძილზე მატება არ გვაქვს საბედნიეროდ“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, დაწყებულია თერმოსკრინინგის მეორე ეტაპი, ასევე სურსათის დარიგება მიმდინარეობს.

„მნიშვნელოვანი თემა იყო ე.წ. ჩარჩენილები, ანუ კარანტინის შემოღების პერიოდიდან, არამარნეულელები და ბოლნისელები, რომლებმაც ვერ მოახერხეს გამოსვლა კარანტინის და შეზღუდვების გამო და აქაც ორგანიზებულად, ორივე მუნიციპალიტეტიდან, შემდგომში საკარანტინო სივრცეებში გადამისამართებით 244 ადამიანია გაყვანილი“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა,  ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი  გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 266 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 76 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.