კორონავირუსის პრევენციისთვის მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობას ხელმეორედ ამოწმებენ

467

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის პრევენციისთვის მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობას ხელმეორედ ამოწმებენ.

როგორც ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მარნეულსა და ბოლნისშიუპრეცედენტოდ შრომატევადი სამუშაო ჩატარდა, სადაც 1 ინფიცირებულიდან გამოვლინდა 150-ზე მეტი კონტაქტი. მისივე თქმით, ამ 150 კონტაქტიდან დაინფიცირებული აღმოჩნდა მხოლოდ 15 კონტაქტი, რაც საკმაოდ კარგად შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელია.

„დღესდღეობით რეგიონის უკვე მეორეჯერ შემოწმება მიმდინარეობს, ვინაიდან ვიცით, რომ ვირუსს ახასიათებს შედარებით გვიანი გამოვლენა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა პირი გამოვლინდეს. მარნეულსა და ბოლნისში დღესდღეობით ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქალბატონი, რომლის ლეტალობის მოლოდინზე პირველი დღიდან საუბრობდნენ ჩვენი ექიმები, დღეს გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გაეწერება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი  გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 230 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 54 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.