იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის თქმით, ვანის მუნიციპალიტეტში 15 ათასმა ადამიანმა თერმოსკრინინგი გაიარა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„ვანის მუნიციპალიტეტში საეჭვო სიმპტომები არავის გამოვლენია, ინფიცირებულებთან ყველაზე ახლო კონტაქტების სინჯები ავიღეთ. მთლიანად ვანის მუნიციპალიტეტში სულ 15 ათასამდე ადამიანმა თერმოსკრინინგი გაიარა. მთლიანი მუნიციპალუტეტის სკრინინგს ორ დღეში დავასრულებთ“, – აღნიშნა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა.
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში კონტროლის გამკაცრების მიზნით, ქალაქ ვანის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო.
ცნობისათვის, ოთხშაბათს ვანის მუნიციპალიტეტში კორინავირუსის სამი შემთხვევა დადასტურდა, მათ შორისაა 75 წლის ქალი, მისი მეუღლე და სიძე. მიმდინარეობს კონტაქტების შესწავლა. სწორედ ამ შემთხვევის გამო, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში კონტროლის გამკაცრების მიზნით ქალაქ ვანის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 209 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 230 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 52 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.