ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვიკრიბებით, მართალია, დისტანციურ რეჟიმში, მაგრამ ყოველდღიურ რეჟიმშიო გრძელდება შეხვედრა იმისთვის, რათა დავაკვირდეთ და განვიხილოთ ის ტენდენცია, რაც საქართველოში ვირუსის გავრცელების კუთხით გვაქვს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოში ვირუსის გავრცელების ტენდენციაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა ზომებს მიიღებს ხელისუფლება მომდევნო დღეებში.
„22 აპრილს იწურება საგანგებო მდგომარეობის ვადა. მანამდე ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში უნდა დავაკვირდეთ პროცესს, რომ ამ არსებული ვადის ფარგლებში მივიღოთ კონკრეტული ზომები. ასევე უნდა ვიმსჯელოთ იმის შესახებ, შეწყდება საგანგებო მდგომარეობა 22 აპრილს, თუ მოგვიწევს კიდევ მაგალითად, 1 ერთი თვით გაგრძელება. ბუნებრივია, ამაზეც ვიმსჯელებთ, როდესაც მოახლოვდება საგანგებო მდგომარეობის გაუქმების ვადა,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გუშინ საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება არ გამორიცხა. მისი თქმით, ეს დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დინამიკაზე.
ახალი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე არის გამოცხადებული. 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 209 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 230 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 52 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.