ბათუმში, ქუჩების, ტროტუარების, კლინიკებისა და ჰიპერმარკეტების მიმდებარე ტერიტორიების დეზინფექცია მიმდინარეობს

1119

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ბათუმში სადეზინფექციო საშუალებებით ქუჩებისა და ტროტუარების დამუშავების პროცესი გრძელდება.

ბათუმის მერიის ცნობით, ჰოსპიტლებისა და ჰიპერმარკეტების ეზოებისა და მიმდებარე ტერიტორიების დეზინფექცია დაიწყო.

მათივე ინფორმაციით, გარდა ცენტრალური ქუჩებისა, მოირეცხა და დეზინფექცია ჩაუტარდა წერეთლის ქუჩას, ,,ბათუმი პლაზის” მიმდებარე ტერიტორიას, ლერმონტოვის ქუჩის მონაკვეთს ბაგრატიონიდან ორბელიანის ქუჩამდე, პუშკინის, მელიქიშვილისა და აღმაშენებლის ქუჩებს.

„სპეციალური ხსნარებით დამუშავდა აღნიშნულ ქუჩებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული ჰიპერმარკეტებისა და ჰოსპიტლების ეზოები და მიმდებარე ტერიტორიები.

სადეზინფექციო სამუშაოები, ბათუმის მერიის დასუფთავების სამსახურთან ერთად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა განახორციელეს.

სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით ქალაქის ქუჩები ეტაპობრივად მუშავდება. დეზინფექცია თავდაპირველად ბათუმის ცენტრალურ ქუჩებს ჩაუტარდა.

სპეციალური ხსნარით ირეცხება როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე, ტროტუარები და ველობილიკები. პარალელურად, დეზინფექცია უტარდება ნაგავშემკრებ კონტეინერებს“, – ნათქვამია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 209 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 230 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 52 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.