„ალბათ, შევჯერდებით ისე, რომ არ დავარღვევთ კანონს არც ჩვენ და არც ეკლესია“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ისინი თანამშრომლობენ საპატრიარქოსთან და მათთან ერთად მიიღებენ გადაწყვეტილებას.
„რომ გითრათ, ამ თემაზე ბოლომდე შევჯერდით საპატროარქოსთან, რომ ასე გადავწყვიტეთ-თქო – არა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ შევჯერდებით ისე, რომ არც კანონი დაირღვეს და მომლოცველები მოვიდნენ და ილოცონ. ალბათ, შევჯერდებით ისე, რომ არ დავარღვევთ კანონს არც ჩვენ და არც ეკლესია. მინდა ხაზი გავუსვა, რომ საპატრიარქო ძალიან კარგად გვეთანამშრომლება, ერთად ვმუშაობთ ამ პრობლემის წინაშე, გვერდში გვიდგანან მეუფეებიც, უწმინდესიც და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საპატრიარქოს გვერდში დგომისთვის“, – განაცხადა გომელაურმა.
შეკითხვაზე, სააღდგომო ღამისთევაზე მისული მრევლი დაჯარიმდება თუ არა, გომელაურმა ასე უპასუხა: „კანონს ესენი არ არღვევენ და ყველაზე კარგად იცავენ, მერწმუნეთ, თუნდაც ეკლესიაში იმ დისტანციას, რასაც თუნდაც ჩვენ ახლა ვარღვევთ, სამწუხაროდ. მე ხაზი გავუსვი, რომ შევთანხმდებით საპატრიარქოსთან. თვითონ მეუფეებიც მოუწოდებენ, დაჯარიმდებით და ნუ დაარღვევთ კანონსო”.
“ამაზე ვმუშაობთ“, – ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, შედგა თუ არა კომპრომისი ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის იმისთვის, რომ მოქალაქეების ჯანმრთელობა იყოს დაცული.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე ვმუშაობთ და ძირითადი ამოცანა არის მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. რა თქმა უნდა საქართველოს მთავრობა და მისი ყველა წევრი იმოქმედებს ამ მიზნის მისაღწევად. ყველასთან ვისაუბრებთ ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გახარიამ.
ამასთან,გიორგი გახარიამ განმარტავ, რატომ მოხვდნენ აგრესიული ტესტირების სამიზნე ჯგუფების ჩამონათვალში სასულიერო პირები.
როგორც შესაბამის შეკითხვაზე კომენტირებისას ჟურნალისტებს პრემიერმა განუცხადა, პროტოკოლის ცვლილება დაკავშირებულია რისკების შეფასებასა და ეპიდემიის განვითარებასთან.
„ეს უკავშირდება ყველაფერს და პირველ რიგში, რისკების შეფასებას ჩვენი ეპიდემიოლოგების მხრიდან. საერთოდ, ამ პროტოკოლის შეცვლა დაკავშირებულია, პირველ რიგში, რისკების შეფასებათან და, რა თქმა უნდა, ეპიდემიის განვითარებასთან, ახალ ეტაპზე გადასვლასთან“, – განაცხადა გახარიამ.
ჯერ კიდევ აქტუალურ საკითხად რჩება ეკლესიებში წირვა-ლოცვის ჩატარებისას მრევლის დასწრება. როგორც საპატრიარქო აცხადებს, ისინი იცავენ ყველა რეკომენდაციას და ღვთისმსახურების დროს მრევლს მოუწოდებენ, დისტანცია დაიცვან. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ არ მიუღიათ გადაწყვეტილება, თუ რა იქნება აღდგომის დღესასწაულზე, რადგან სიტუაციის განმუხტვას ელოდებიან. მისივე თქმით, კომენდანტის საათის დროს მორწმუნე სახლში უნდა იყოს.
ახალი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე არის გამოცხადებული.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 209 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 214 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 50 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.