საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა განმარტავს, რატომ არ აღმოჩნდა ამ დრომდე ონლაინგაყიდვები სახელმწიფოს მიერ ნებადართული საქმიანობების სიაში.
მინისტრის თქმით, ამ დროისათვის სახელმწიფო უფრო კონკრეტული საწარმოებისა და კომპანიების შემოწმების გზით მიდის და არა დარგების დაშვების.
ნათია თურნავას თანახმად, იგივე მიდგომა გავრცელდება ონლაინგაყიდვების მიმართაც და ბიზნესის ამუშავების შესატყვისობის სტანდარტების დაცვის მდგომარეობაზე ინდივიდუალური კომპანიები შემოწმდება:
„ამ ეტაპზე ჩვენ მივდივართ კონკრეტული საწარმოების შემოწმების გზით, აქედან გამომდინარე ონლაინ გაყიდვების მიმართაც იგივე მიდგომა იქნება. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, შევამოწმებთ კონკრეტულ კომპანიებს და ინდივიდუალურად მივიღებთ გადაწყვეტილებებს ამა თუ იმ კომპანიის შესატყვისობის შესახებ…
ჩვენ შევეცდებით მაქსიმალურად ონლაინ სერვისები პრიორიტეტში ამოვიტანოთ, რა თქმა უნდა, ყველაფერი პრიორიტეტია ერთი შეხედვით, მაგრამ ჩვენი რესურსიდან გამომდინარე 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ და გვიწევს დროში გაწერა.
„შევეცდებით, რომ ონლაინგაყიდვების კომპანიები მაქსიმალურად ახლო პრიორიტეტში გადმოვიტანოთ შემოწმებებში და თითოეული კომპანიის გადამოწმების შემდეგ მივიღებთ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს. ამ ეტაპზე არის ეს მიდგომა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში არსებულ მაღაზიებში ონლაინ საკვები პროდუქტების და წამლების გარდა ვერაფერს იყიდი.
ამის შესახებ საუბარია 2020 წლის 30 მარტს გამოცემულ 204-ე დადგენილებაში. აღნიშნული დოკუმენტით საქართველოში გამკაცრდა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიღებული ზომები.
“ყველა ის კომპანია, რომელიც პირობებს დაიცავს, პირადად ვიძლევი გარანტიას, რომ უახლოეს დღეებში მიიღებს მსგავსი საქმიანობის გაგრძელების ნებართვას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ონლაინშესყიდვებზე საუბრის დროს განაცხადა.
შემდეგ ეკონმიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რო ეს დროებით ზომაა და მთავრობა მისი გაუქმების გზებზე უკვე მუშაობს.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 208 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 48 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.