ნათია თურნავამ ონლაინ გაყიდვების აკრძალვის შესახებ ისაუბრა. როგორც ეკონომიკის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, ეს დროებით ზომაა, თუმცა მთავრობა მისი გაუქმების გზებზე უკვე მუშაობს.
„მინდა ვთქვა, რომ ეს არის დროებითი იძულებითი ზომა, რადგან საკმაოდ დიდი სფეროა, საკმაოდ დიდი სისტემაა, საკმაოდ დიდი ურთიერთობათა ჯაჭვია. იქ არის საწყობები, იქ არის მიტანის სერვისები ჩართული, იქ არის ოფისები ჩართული. მე მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ კომპანიას, ვინც ძალიან მოკლე ხანში ააწყო ეს ონლაინ გაყიდვები. იმიტომ რომ ესეც არ იყო მარტივი. მე ძალიან კარგად ვიცი რა რესურსთანაც იყო ეს დაკავშირებული. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე თუ როგორი მოდელით და ფორმატით შევძლებთ ამ ბიზნესისთვის მუშაობის გადაწყობის შევთავაზებას“, – აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, მთავრობა კომპანიებს ახალ წესებს უახლოეს მომავალში წარუდგენს და უსაფრთხოების გარანტიების მიღების შემდეგ კონკრეტული კომპანიების საქმიანობა დაშვებული გახდება.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში არსებულ მაღაზიებში ონლაინ ვერაფერს იყიდით, გარდა წამლებისა და საკვები პროდუქტებისა.
ამის შესახებ საუბარია 2020 წლის 30 მარტს გამოცემულ 204-ე დადგენილებაში. აღნიშნული დოკუმენტით საქართველოში გამკაცრდა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიღებული ზომები.
მთავრობის დადგენილებაში ჩამოთვლილია ის საწარმოები და ობიექტები, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობის დროს გამონაკლისის სახით შეუძლიათ მუშაობა. დასაშვებ საქმიანობებს შორის არის საკვების მიტანის სერვისი. შესაბამისად, ეს გულისხმობს, რომ სხვა სახის პროდუქციის მიტანა შეჩერებულია, რის გამოც არაერთმა კომპანიამ, მათ შორის ტექნიკის მსხვილმა კომპანიებმა, განაცხადა, რომ პროდუქციის მიტანის შეჩერება მოუწიათ.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.
უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 130 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 26 უკვე გამოჯანმრთელდა.