მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში ონლაინგაყიდვებიც შეწყდა

1094

წინა სტატია

შემდეგი სტატია

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში არსებულ მაღაზიებში ონლაინ ვერაფერს იყიდით, გარდა საკვები პროდუქტებისა.

ამის შესახებ საუბარია 2020 წლის 30 მარტს გამოცემულ 204-ე დადგენილებაში. აღნიშნული დოკუმენტით საქართველოში გამკაცრდა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიღებული ზომები.

მაგალითად, შესაძლებელია გამომცხვარი პიცის ან წვნიანის შეკვეთა, მაგრამ ვერ იყიდით წიგნს, სათამაშოს და ა.შ.

მთავრობის დადგენილებაში ჩამოთვლილია ის საწარმოები და ობიექტები, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობის დროს გამონაკლისის სახით შეუძლიათ მუშაობა. დასაშვებ საქმიანობებს შორის არის საკვების მიტანის სერვისი. შესაბამისად, ეს გულისხმობს, რომ სხვა სახის პროდუქციის მიტანა შეჩერებულია. აღნიშნული შეზღუდვა მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე (21 აპრილამდე).

მთავრობის ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს კომპანიებმაც, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან – 21 მარტიდან დღემდე აგრძელებდნენ ონლაინ გაყივდებს.

წესების დარღვევის შემთხვევაში კომპანია (იურიდიული პირი) 15 ათასი ლარით ჯარიმდება. დარღვევის განმეორების შემთხვევაში ჯარიმდება ანდა საქმიანობის უფლება ეზღუდება.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 117 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 23 უკვე გამოჯანმრთელდა.