ცხინვალის რეჟიმი საქართველოს ხელისუფლებას ევროპის ბანკის მიერ გამოყოფილი პაკეტის მითვისების მცდელობაში ადანაშაულებს

607

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო უშიშროების კომიტეტი მთავარ საგარეო საფრთხედ საქართველოში კოვიდ-19-ის პანდემიას ასახელებს. დეფაქტო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ჩამოთვლილია საქართველოს ის ტერიტორიები, სადაც დაინფიცირების ფაქტები გამოვლინდა.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ დაინფიცირებულთა შორის, არიან ის პირებიც, რომლებიც ადრე ახალგორის რაიონში ცხოვრობდნენ და ამჟამად საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

„არსებობს ყოველგვარი საფუძველი იმის სავარაუდოდ, რომ საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო საზოგადოებას უმალავს კორონავირუსის გავრცელების რეალურ მდგომარეობას და დაინფიცირებულების რაოდენობას. ქვეყანა მდებარეობს მსოფლიოში დაინფიცირებულთა რაოდენობით ბოლოდან მეორე ადგილზე. იმის გამო, რომ თბილისის რეჟიმს არ გააჩნია მოსახლეობის მასშტაბური ტესტირების შედეგები, ეს იწვევს ინფორმაციის დამახინჯებას… ამ ფონზე განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ცალკეული ქართველი პოლიტიკოსების სწრაფვა, გაუწიონ ჰუმანიტარული დახმარება სამხრეთ ოსეთს. ვვარაუდობთ, რომ აღნიშნული აქტიურობა პირდაპირ უკავშირდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი ე.წ. საგანგებო პაკეტის მითვისების მცდელობას, რომელიც ერთ მილიარდ ევროს შეადგენს“ , – აღნიშნულია დეფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

რამდენიმე დღის წინ დეფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრი მედოევმა განაცხადა, რომ თბილისი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებს მალავს და საქართველოში ჰუმანიტარული კატასტროფაა, რის გამოც “ქართველები სამხრეთ ოსეთში გარბიან“.

ცნობისათვის, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში 13 აპრილამდე კარანტინია გამოცხადებული. კარანტინის წესების დარღვევაზე კი ჯარიმაა შემოღებული.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 208 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 46 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.