ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრი მედოევი აცხადებს, რომ თბილისი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებს მალავს და საქართველოში ჰუმანიტარული კატასტროფაა, რის გამოც “ქართველები სამხრეთ ოსეთში გარბიან“. მედოევის განცხადებას რუსული და ოსური სააგენტოები ავრცელებენ.
დმიტრი მედოევის მტკიცებით, ქართველი სპეცსამსახურები ცდილობენ, ამ პრობლემის ექსპორტი მოახდინონ სამხრეთ ოსეთში.
„ჩვენ არ დავუშვებთ, რომ სამხრეთ ოსეთში დაავადება საქართველოდან შემოვიდეს,” – აცხადებს სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი.
როგორც დმიტრი მედოევი აცხადებს, მკვეთრად გაიზარდა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ ცხინვალის მიმართულებით ე.წ. საზღვრის დარღვევის ფაქტები და მისი მტკიცებით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოში ჰუმანიტარული კატასტროფაა.
„საქართველოში ნამდვილი ჰუმანიტარული კატასტროფა ვითარდება. ადამიანები იძულებულნი არიან მოძებნონ ქვეყნიდან გაქცევის ნებისმიერი გზა, გაქცევა კორონავირუსის შემოტევისგან”, – აცხადებს მედოევი.
მედოევი ამტკიცებს, რომ საქართველო კორონავირუსით დაავადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობას მალავს.
“ჩვენ თანავუგრძნობთ საქართველოს მოსახლეობას ვირუსის სწრაფი გავრცელების გამო, მაგრამ ეს, პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლების პრობლემაა, რომელიც ცდილობს ქვეყანაში ეპიდემიის რეალური მასშტაბის დამალვას, ასევე – დაავადებულთა და დაღუპულთა რაოდენობის”, – აცხადებს მედოევი.
მედოევი აღნიშნავს, რომ სამხრეთ ოსეთში ვითარება მკაცრი და საიმედო კონტროლის ქვეშაა და საქართველოს ხელისუფლებას „ურჩევს“, ქართველი ხალხის საჭიროებებს მიხედოს.
„ქართული სპეცსამსახურების ყველა მცდელობა, რომ პრობლემის ექსპორტი მოახდინონ სამხრეთ ოსეთში, მარცხისთვის განწირულია. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ სამხრეთ ოსეთში დაავადება საქართველოდან შემოვიდეს“,- განაცხადა დმიტრი მედოევმა.
სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლების ცნობით, ამ დრომდე ცხინვალში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა.
ცნობისათვის, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში 13 აპრილამდე კარანტინია გამოცხადებული. კარანტინის წესების დარღვევაზე კი ჯარიმაა შემოღებული.
“ცხინვალის მიმართულებით მდგომარეობა შემაშფოთებელია. ცხინვალის პასუხი საკამოდ დესტრუქციულია. შეთავაზებებს არ იზიარებს,” – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო ტანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა.
მისი თქმით, ერთადერთი ორგანიზაცია წითელი ჯვარია, რომლის მეშვეობით, ცდილობენ სრული იზოლაციის პირობებში ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას მდგომარეობა შეუმსუბუქონ.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 148 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 27 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 5392, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 319 მოქალაქე იმყოფება.