სახალხო დამცველის აპარატი საკარანტინო სივრცეებში არსებული პირობების შესწავლას იწყებს. ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მონიტორინგის მიზანია ინდივიდუალური საჭიროებების დროული გამოვლენა და სახელმწიფო უწყებებისთვის ინფორმაციის მიწოდება საკითხის გამოსასწორებლად.
„ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილია სპეციალური საკარანტინო სივრცეები, სადაც პირთა სავალდებულო მოთავსება ხდება. დღეის მდგომარეობით 5000-ზე მეტი პირია კარანტინის რეჟიმში.
პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში, გვსურს შევისწავლოთ საკარანტინო სივრცეების პირობები, ჯანდაცვის სერვისის (მათ შორის, ფსიქოლოგიური) უზრუნველყოფის საკითხი, ადამიანის უფლებების დაცვის ზოგადი სტანდარტები, მოწყვლად ჯგუფთა საჭიროებები და სხვა მნიშვნელოვანი გარანტიების პრაქტიკაში რეალიზაცია. მონიტორინგის მიზანია ინდივიდუალური საჭიროებების დროული გამოვლენა და სახელმწიფო უწყებებისთვის ინფორმაციის მიწოდება საკითხის გამოსასწორებლად.
თუ თქვენ ან თქვენი ნაცნობი ამჟამად იმყოფებით საკარანტინო სივრცეში და გაქვთ სურვილი და დრო მოგვაწოდოთ ინფორმაცია ზემოაღნიშნული საკითხების გარშემო, გთხოვთ, მოგვწეროთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია. პრევენციის ეროვნულ მექანიზმთან გასაუბრება კონფიდენციალურია.
საკონტაქტო ინფორმაცია ტელეფონი: 591 90 33 22 (ხატია ხელაძე) Facebook, ელ-ფოსტა: khkheladze@ombudsman.ge; info@ombudsman.ge“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 23 მარტს გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო მაშინ ვერ დადგინდა.
გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი გზები.
ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის, რეგიონების აგრარული ბაზრები ეტაპობრივად იხურება.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 195 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 39 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 2.