კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქუთაისში ქუჩებს ქუთაისში ქუჩებს სადეზინფექციო საშუალებებით ამინდის გამოსვლის შემდეგ დაამუშავებენ. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
ქუთაისისი მერიაში განმარტავენ, რომ ქუჩების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებითვის მათ უკვე შეიძინეს ბიო ხსნარი, რომელიც სხვა ცოცხალ ორგანიზმებს არ დააზიანებს.
“წვიმის გამო გადაიდო და ეს გადაწყვეტილება სპეციალისტებთან კომუნიკაციის შემდეგ მივიღეთ. როგორც კი გამოვა ამინდი, დამუშავდება ტროტუარებიც და სკვერებიც მთელი ქალაქის მასშტაბით”, – ამბობენ მერიაში.
პანდემიასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა. ამიტომაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდებაა სწორედ სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 188 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 36 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 2.