ბოლნისის მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგის პირველი ეტაპი დასრულდა

374

ბოლნისის მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგის პირველი ეტაპი დასრულდა. ამ დროის​ მონაცემებით, მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე შემოწმდა 48 ათასი ადამიანი.

როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბოლნისის ცენტრის ხელმძღვანელმა, მაკა მამარდაშვილმა აღნიშნა, ბოლნისში არის კორონავირუსილი ინფექციის რვა დადასტურებული შემთხვევა.

„დადასტურებული შემთხვევებიდან ერთი შემთხვევა თურქეთიდან შემოტანილი, მოხდა მისი გადაყვანა საკარანტინო ზონაში, მოხდა მისი ტესტირება, აღმოჩნდა დადებითი და პაციენტი გადის შესაბამის მკურნალობას, ანუ მას ბოლნისში კონტაქტები არ ქონია და პირდაპირ მოხდა საზღვრიდან მისი გადაყვანა. დღეს ვემზადებით, რადგან ვიწყებთ განმეორებით სკრინინგს, რომ მოხდეს იმ პაციენტების გამოვლენა, ვინც იყვნენ კონტაქტში და თუ ვინმე იქნება, რომელსაც სიმპტომები აღენიშნება, გადმოიყვანენ მას ბოლნისში ცხელების კლინიკაში. აქ მოხდება უკვე ნიმუშების აღება და კვლევა გაგრძელდება ლუგარის ცენტრში. ამ დროისთვის 48 000 ათასზე მეტი ადამიანი შემოწმდა, ეს არის ის ხალხი, ვინც ცხოვრობს ბოლნისში. თვითიზოლაციაში გვყავს 208 ადამიანი, კარანტინში რჩება 37 ადამიანი“, – განაცხადა მაკა მამარდაშვილმა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 188 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 36 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 2.