სახელმწიფო მსჯელობს გეგმაზე, რომლის მიხედვითაც 60 წელს გადაცილებულები და ასევე, ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეები, შესაძლოა, პნევმოკოკის ვაქცინით აიცრან. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, მოსახლეობის ზემოხსენებულ კატეგორიებში პნევმოკოკით ვაქცინაცია ევროპის ქვეყნებში მიღებული პრაქტიკაა.
ამასთან, ტიკარაძის ინფორმაციით, მსჯელობა მიმდინარეობს იმაზეც, რომ აღნიშნული ვაქცინაცია მოწყვლადი ჯგუფებისა და 60 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის სავალდებულო გახდეს.
„ყოველდღიურად ვუფრთხილდებით იმ მოწყვლად ჯგუფებს, რომლებიც არიან ხანდაზმულები და არიან მრავლობითი ქრონიკული დაავადების მატარებლები. ჩვენი სპეციალისტების მხრიდან სიკვდილიანობის გამომწვევი და ძირითადი დაავადებების გაანალიზება მოხდა. აქ ცალსახად დავინახეთ, რომ სწორედ ამ მოწყვლად ჯგუფებში მრავლობითად არის განვითარებული პნევმონია. ჩვენს ევროპელ კოლეგებთან კომუნიკაციის შედეგად და ასევე საუკეთესო ქვეყნების პრაქტიკის გამოყენების მაგალითზე, მივიღეთ გარკვეული რეკომენდაციები, რის განხორციელებასაც საქართველოში ვგეგმავთ. ეს არის ევროპის ქვეყნებში მიღებული პრაქტიკა, როდესაც ისინი 60 წელზე ზევით მოსახლეობას და მოწყვლად ჯგუფებს ცრიან პნევმოკოკის ვაქცინით. სწორედ ამასთან დაკავშირებით არის ეს ინიციატივა, რასაც დეტალურად ვამუშავებთ. ჩვენ გვაქვს კონკრეტული რაოდენობა და სახელობითი სია იმ ადამიანების, რომლებზეც ვცდილობთ განვახორციელოთ ვაქცინაცია და ეტაპობრივად მოვიცავთ 60 წელს გადაცილებულ ყველა ჩვენს მოქალაქეს. არის მსჯელობა იმის თაობაზეც, რომ საქართველოში ეს შევიდეს სავალდებულო ვაქცინაციის ჯგუფში და შესაბამისი მონაკვეთების გავლის შემდეგ მოქალაქეებში ამ ვაქცინის განახლება მოხდეს,“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“ – ის ეთერში.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 188 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 36 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 2.