კახეთის რეგიონში დღეიდან დამატებით ორი ახალი საკონტროლო-გამშვები პუნქტი ამოქმედდა

521

კახეთის რეგიონში დღეიდან ახალი საკონტროლო-გამშვები პუნქტები ამოქმედდა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმთანვაზიანი-გომბორი-თელავისა და თიანეთი-ახმეტის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მოწყობილ გამშვებ პუნქტებზე პოლიცია და სამხედროები არიან მობილიზებული. ისინი აღნიშნულ საავტომობილო მაგისტრალზე გადაადგილებისას, მოქალაქეებს თერმოსკრინინგს უტარებენ და ავტოსატრანსპორტო საშუალებებში მგზავრთა რაოდენობას ამოწმებენ.

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე საგანგებო რეჟიმით გათვალისწინებული რეგულაციების წესის დარღვევის შემთხვევები არ შეინიშნება.

„თელავის შემოსასვლელებში 31 მარტს მოწყობილ ოთხ საკონტროლო პუნქტზე, მხოლოდ კახეთში მცხოვრები მოქალაქეების 20% -ის კონტროლი ხდებოდა, ამიტომ საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით გადაწყდა, რომ ორი პუნქტი განლაგებულიყო ცენტრალურ მაგისტრალებზე“,- განაცხადა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა.

საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე თერმოსკრინინგს ერთდროულად რამდენიმე ექიმი ატარებს, რის შედეგადაც ავტომაგისტრალზე ავტოტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილდება.

31 მარტიდან პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთის და გორის, თელავისა და ახალციხის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 188 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 36 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 2.