სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, დაიხურა სენაკის და ზუგდიდის აგრარული ბაზრები, ფოთის ბაზარმა კი რეკომენდაციები გაითვალისწინა. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
“სენაკის და ზუგდიდის ბაზრები დახურულია, რაც შეეხება ფოთს, იქ ფაქტიურად ფუნქციონირებს ერთი დიდი სუპერმარკეტი “უნივერსამი“ და ამავე დროს მინდა ავღნიშნო ის, რომ ფოთის ბაზარმა ძალიან სწრაფად შეძლო ყველა იმ რეკომენდაციის დაცვა, რომელიც ითვალისწინებს, როგორც ნაღდ ფულთან კავშირს ასევე დისტანციის დაცვას, ეს იქნება კარგი მაგალითი სხვა ბაზრებისთვის. ჩვენ არ ვაპირებდით ზუგდიდის ბაზრის დახურვას, თუმცა მათ ვერ მოახერხეს რეკომენდაციების დაცვა, რაც შეეხება სენაკს, იქ უფრო რთულად იყო საქმე და ამიტომაც გადაწყდა დახურვა საბჭოს სხდომაზევე“ – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.
ფოთის ბაზარში გუშინ მყიდველს, ქაღალდის ფულს უხურდავებდნენ, ხურდას ანტისეპტიკურ ხსნარში ათავსებდნენ, ხოლო ქაღალდის ფულს აუთოვებდნენ.
ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის, რეგიონების აგრარული ბაზრები ეტაპობრივად იხურება. უკვე ერთ კვირაზე მეტია დახურული მარტვლის ბაზარი. შაბათს დაიხურა სენაკის ბაზარი. დღეს ასევე დაიხურა ზუგდიდის ბაზარიც.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 188 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 36 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 2.