ფოთის აგრარული ბაზრის დირექტორის ნოდარ კორსანტიას განცხადებით, ბაზარში შემსვლელ მყიდველს, ქაღალდის ფულს უხურდავებენ, ხურდას ანტისეპტიკურ ხსნარში ათავსებენ, ხოლო ქაღალდის ფულს აუთოვებენ. ინფორმაციას და ფოტოებს ლაივპრესი ავრცელებს.
„ითქვა, რომ უსაფრთხოების მიზნით, ბაზრები დაიხურებაო. გუბერნატორი იყო ჩამოსული და გვითხრა, ფულის ერთეული დიდი რისკი არისო. მერე მოვიფიქრეთ ასეთი რამ. ყველა შემომსვლელს, ვუხურდავებთ ფულს ხურდაზე, მერე იმ ხურდას ვყრით ანტისეპტიკურ ხსნარში, ქაღალდის ფულს კი უთოთი ვაუთოვებთ“, – განაცხადა ბაზრის დირექტორმა.
მისივე თქმით, ბაზარში ყველა შემსვლელს უზომავენ სიცხეს, იცავენ სოციალურ დისტანციას, ასევე აპირებს ბახილების ჩასაცმელი სპეციალური აპარატი შეიძინოს, რომ ბაზარში შემსვლელებს ბახილებს ეცვათ.
ნოდარ კორსანტიას განცხადებით, უსაფრთხოების ზომების დაცვის მიუხედავად, მან არ იცის დახურავენ თუ არა ფოთის ბაზარს.
სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ორშაბათიდან ბაზრები დაიხურება.
ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის, რეგიონების აგრარული ბაზრები ეტაპობრივად იხურება. უკვე ერთ კვირაზე მეტია დახურული მარტვლის ბაზარი. შაბათს დაიხურა სენაკის ბაზარი. დღეს ასევე დაიხურა ზუგდიდის ბაზარიც.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 188 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 36 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 2.