სამეგრელო-ზემო სვანეთში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 ახალი შენობა გაიხსნა

304

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სასწრაფო დახმარების 2 ახალი შენობა გაიხსნა, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის სასწრაფო დახმარების მედპერსონალი ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს მუშაობას, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ახალ შენობაში განთავსება თანამშრომლებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პირადად მიულოცა.

“სამედიცინო პერსონალის პირობების გაუმჯობესება მთავრობის პრიორიტეტია. საქართველოში არსებული სასწრაფო სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებები რეფერალური მანქანების დონეს შეესაბამება. ეს პაციენტების გადასარჩენად ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი შემდეგი ეტაპი, სამედიცინო პერსონალში გადაუდებელი სწავლების დანერგვაა, რაც სამედიცინო მომსახურეობას კიდევ უფრო გააუმჯობესებს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

„საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და საჭირო ინვენტარით სრულადაა აღჭურვილი.

შენობის გახსნას სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ალექსანდრე კალანდია ესწრებოდნენ.

სასწრაფო დახმარების ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს”, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.