შიდა ქართლის მასშტაბით გორში, ხაშურში, კასპსა და ქარელში არსებული აგრარული ბაზრები დაიხურა. დახურულია სულ 6 ბაზარი. ამის შესახებ გადაწყვეტილება შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური შტაბის სხდომაზე მიიღეს.
გიორგი ხოჯევანიშვილი აცხადებს, რომ ბაზრები კვლავ რჩება კორონავირუსის გავრცელების რისკის ზონად.
შტაბის სხდომას ვაიდეოკონფერენციის საშუალებით პრემიერ-მინისტრი ჩაერთო, რა დროსაც გიორგი გახარიამ რეგიონების ხელმძღვანელ პირებთან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულება განიხილა.
რეგიონების ხელმძღვანელმა პირებმა მთავრობის მეთაურისგან, ასევე, მიიღეს დავალებები, სრული მზაობა არსებობდეს თერმოსკრინინგის პროცესისა და ჰოსპიტალური სექტორის შესაბამისობის, მათ შორის პირველადი ჯანდაცვის სისტემისა და ოჯახისა და სოფლის ექიმების მობილიზაციის კუთხით.
ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის, რეგიონების აგრარული ბაზრები ეტაპობრივად იხურება.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 188 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 36 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 2.