თელავსა და გურჯაანში აგრარული ბაზრები დაიკეტა

482

თელავსა და გურჯაანში აგრარული ბაზრები დაიკეტა. როგორც აგრაგრული ბაზრების მოვაჭრეები აცხადებენ, მათ დახლებზე დიდი ოდენობით მალფუჭებადი პროდუქცია დარჩათ.

მოვაჭრეების თქმით, მიღებული გადაწყვეტილება მათ ფინანსურად დიდ დარტყმას მიაყენებს.

აგრარული ბაზრების მუშაობის შეწყვეტასთან დაკავშირებით მოვაჭრეები გუშინ გააფრთხილეს.

ბაზრებიდან უკვე გააქვთ საქონელი, ინვენტარი და სადეზინფექციო საშუალებები.

თელავის აგრარული ბაზრის დირექტორის, მერაბ თურქოშვილის ინფორმაციით, თელავის ბაზარი, შესაბამისი უწყებების მიერ გაცემულ ყველა რეკომენდაციას ასრულებდა.

“ჩვენ კარგად ვთანამშრომლობდით სურსათის უვნებლობის სამსახურთან და ყველა მაკონტროლებელ უწყებასთან. ამხელა ბაზარში, მხოლოდ 10 ადამიანს ვუშვებდით და ბაზარს მეორე კარიდან ვატოვებინებდით. დეზინფექციასაც ყოველდღე ვატარებდით და ვიცავდით რეკომენდაციებს. ალბათ რაკი ყველა ბაზარი დაიკეტა, ასეთი გადაწყვეტილება ამიტომ მიიღეს”, – განაცხადა თურქოშვილმა.

ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის, რეგიონების აგრარული ბაზრები ეტაპობრივად იხურება.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 188 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 36 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 2.