იმყოფებოდა თუ არა დაინფიცირებული დეპუტატი ტაძარში

1124

რუსთავის ხარების ეკლესია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, იმის შესახებ, დაესწრო თუ არა რუსთაველი დეპუტატი, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა, ტაძარში წირვა-ლოცვას. ინფორმაციას ინფორუსთავი ავრცელებს.

ტაძრის განცხადებაში ნათქვამია, რომ დეპუტატი ამ კვირას ტაძარში არ იმყოფებოდა და რამდენიმე კვირაა ზიარებაც არ მიუღია.

“ჟურნალისტებისა და დაინტერესებულ პირთა საყურადღებოდ!

რუსთავში გამოვლენილი დაინფიცირებულ „საჯარო მოხელე მამაკაცი“ ( ასე იხსენებენ ტელევიზიები) არის ჩვენი ტაძრის მრევლი. იგი წინა კვირას არ ესწრებოდა წირვას, არც ტაძარში მოსულა. ამდენად, ჩვენ მრევლს ტაძარში, არც ტაძრის ეზოში, მასთან არავითარი ურთიერთობა არ ჰქონია. რადგან აღნიშული პიროვნება ტაძარში არ მოსულა, ცხადია, არც წმინდა ზიარება მიუღია. არ ზიარებულა იგი წინა რამდენიმე კვირის განმავლობაშიც.
თხოვნა გვექნება, ამასთან დაკავშირებით მოგონილ ამბებს ნუ გაავრცელებთ და ნურაფერს მოიგონებთ!

ღვთისმსახურება ჩვენს ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევის მიხედვით მიმდინარეობს. მრევლი ეზოში დგას და ისმენს ლოცვას. დაცულია მანძილი ადამიანებს შორის,გახმოვანებულია ტაძრის ეზო”, – ნათქვამია ეკლესიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის საკრებულოს წევრს და მის მამას კორონავირუსი დაუდასტურდათ. თავდაპირველად ინფექცია დაუდასტურდა საკრებულოს წევრის დედას, რომელიც ეროვნული ბანკის თანამშრომელია.

რუსთავის საკრებულოს წევრების ნაწილი თვითიზოლაციაში გადაიყვანეს. რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ “ქართული ოცნების” წევრი, რომლის დედასაც კორონავირუსი დაუდგინდა, პარასკევს სხდომაზე იმყოფებოდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 148 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 27 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 5392, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 319 მოქალაქე იმყოფება.