ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა დღეს დაინტერესებული მოქალაქეებისთვის საკრებულოს ფეისბუკ გვერდიდან, პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. თავად დეპუტატები კი ადგილზე მაინც შეიკრიბნენ. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
დეპუტატებმა საკრებულოს სხდომათა დარბაზის ნაცვლად მერიის, უფრო დიდი ზომის სააქტო დარბაზში გადაინაცვლეს, რათა სოციალური დისტანცია დაეცვათ.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, სხდომას საკრებულოს 37 წევრი ესწრებოდა და 4 საკითხი განიხილეს.
მისივე ცნობით, დეპუტატებს ჰქონდათ პირბადეები და ხელთათმანები, დარბაზში შესვლამდე კი ხელი სადეზინფექციო ხსნარით დაიმუშავეს.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 148 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 27 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 5392, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 319 მოქალაქე იმყოფება.