ჩვენი უპირველესი ამოცანა იქნება, რომ პოსტკრიზისულ პერიოდში ქართულ ბიზნეს, ადგილობრივი წარმოების და სოფლის მეურნეობის განვითარებას, კვლავ გვერდით დავუდგეთ, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაევალა, შეიმუშავონ დამატებითი პოსტკირზისული პაკეტი ქართული ბიზნესისთვის და ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის. განსაკუთრებით იმპორტის შემქმნელი დარგების განვითარებისთვის. ჩვენ ქართულ ბიზნეს ეტაპობრივად შევთავაზებთ კონკრეტულ პროგრამებს, რომელიც მიმართული იქნება ამა თუ იმ დარგის განვითარებისთვის, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.
როგორც ვიცეპრემიერმა განაცხადა, ჩვენი ბიუჯეტიდან 2 მილიარდი ლარი გამოიყო, რა თქმა უნდა, დონორების მხარდაჭერით, რომელიც მიმართული იქნება როგორც ბიზნესის, ასევე მოქალაქეების მხარდასაჭერად.
მაია ცქიტიშვილის განმარტებით, ამ თანხის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია საკრედიტო მექანიზმის უზრუნველყოფა და მხარდაჭერა.
„კონკრეტულ რიცხვებზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევი იქნება, ვინაიდან, თითოეული კონკრეტული დარგი, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ ასეთი ტიპის სესხების საგარანტიო მხარდაჭერას, ხასიათდება სხვადასხვა დინამიკით. მათ აქვთ ან ექნებათ სხვადასხვა მოცულობა იმ სესხების და შესაბამისად, მათი სასესხო პორტფელი. ბიზნესისადმი სახელმწიფოს გზავნილი არის ის, რომ ვზრუნავთ იმაზე, რომ მას შემდეგ, რაც ეკონიმიკის გამოცოცხლება დაიწყება და კარანტინი დასრულდება და ბიზნესი შეძლებს ფიქრს ახალი სესხების აღებაზე, მთავრობა გვერდში მათ დაუდგეს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ცქიტიშვილის თქმით, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ იმ დახმარების პაკეტით, რაც ქართულ ბიზნესს უკვე შევთავაზეთ, პირველ რიგში, ბიზნესი სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებს.
„ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ბიზნესის მხრიდან სოლიდარული მონაწილეობის შედეგად, მარტში ბევრი ადამიანი არ გვეყოლება, რომელმაც შესაძლოა, სამსახური დაკარგოს. აღნიშნულის გათვალისწინებით, შევძლებთ, დახმარების მოცულობა, დახმარების მიმღები პირების რაოდენობა მხოლოდ მას შემდეგ შევაფასოთ, რაც კონკრეტული ციფრები გვეცოდინება“, – აცხადებს ცქიტიშვილი.
მისი განმარტებით, შეღავათები ექნებათ ასევე თვითდასაქმებულ მოქალაქეებსაც.
„რაც შეეხება მეორე ჯგუფს, ვისაც შეიძლებოდა ჰქონოდა არა ოფიციალური ხელფასი, არამედ თვითდასაქმებულები იყვნენ, მოგეხსენებათ, თვითდასაქმებულების დახმარების ნაწილშიც ვავრცელებთ ყველა იმ უკვე გაჟღერებულ შეღავათს, რომელიც ეხება ასეთი ადამიანების ელექტროენერგიის, გაზის, დასუფთავების საფასურის გადახდას“,-აღნიშნავს ცქიტიშვილი.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ეკონომიკის მხარდაჭერისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო.
პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მოხდება იმ ადამიანების იდენტიფიცირება, ვინც კორონავირუსის გამო სამსახური დაკარგა. როგორც პრემიერმინისტრმა აღნიშნა, იდენტიფიცირების შემდეგ მთავრობა მათ დაეხმარება.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.
უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 148 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 27 უკვე გამოჯანმრთელდა.