გახარია ეკონომიკურ გუნდს პოსტკრიზისული საკრედიტო-საგარანტიო სქემების შემუშავებას ავალებს

889

პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს დაავალა, დაიწყონ მუშაობა პოსტკრიზისული ეტაპის საკრედიტო საგარანტიო სქემებისთვის.

მისი თქმით, ამ საკითხზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

როგორც პრემიერმინისტრი ამბობს, ამ მიმართულებით პარტნიორი დონორი ორგანიზაციების დახმარების მობილიზება იქნება შესაძლებელი, სქემის ჯამური ღირებულება კი 2 მილიარდი ლარი იქნება.

გახარიას თანახმად, პროგრამის ფარგლებში აქცენტი ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე გაკეთდება, რის მაგალითადაც პრემიერ მინისტრს “აგარის შაქარი” მოჰყავს:

“ეკონომიკის სამინისტრომ უკვე წარმოადგინა გეგმა, რაც მოწონებულია მთავრობის მიერ და ძირითადი აქცენტი გაკეთდა ქართული წარმოების განახლებაზე, მაგალითად ისეთ წარმოების, როგორიც არის „აგარის შაქარის“ თავიდან ამუშავება, რამეთუ სრულად შეცვლილია როგორც მოთხოვნის, ასევე მიწოდების სტრუქტურა არა მარტო ჩვენს ეკონომიკაში, არამედ რეგიონშიც, ამიტომ ისეთი წარმოებები, რომლებიც მაგალითად ეფექტურობის თვალსაზრისით რამდენიმე თვის წინ არ იყვნენ აქტუალურები, დღეს სხვა დატვირთვას იძენენ.”

კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის შესარბილებლად, მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ეკონომიკის მხარდაჭერისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო.

როგორც პრემიერმინისტრი ამბობს, ეს ნაბიჯები მხოლოდ დასაწყისია და მოვლენათა განვითარებასთან ერთად მთავრობა გააგრძელებს შესაბამისი ზომების მიღებას.

ამასთან, გიორგი გახარიას განცხადებით, მოხდება იმ ადამიანების იდენტიფიცირება, ვინც კორონავირუსის გამო სამსახური დაკარგა. როგორც პრემიერმინისტრმა აღნიშნა, იდენტიფიცირების შემდეგ მთავრობა მათ დაეხმარება.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 148 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 27 უკვე გამოჯანმრთელდა.