მთავრობა კურსთაშორის სხვაობის რისკებს ინფრასტრუქტურულ პროექტებთან მიმართებაშიც დააზღვევს, ისევე როგორც ეს გააკეთა გარკვეული ტიპის სასურსათო პროდუქტთან მიმარტებით. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, არსებობს გარკვეული რეზერვები და მთავრობა მას გამოიყენებს.
„ზოგადად, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ამ გლობალური გამოწვევის ეფექტის შერბილებას ჩვენს მოსახლეობაზე და ჩვენს ეკონომიკაზე. ეს არის პრაქტიკულად ძალიან რთული ამოცანა, რადგან გლობალური ეკონომიკური კრიზისის და კიდევ უფრო მძიმე ეკონომიკური კრიზისის წინაშე ვიმყოფებით, ეს ასეა ცალსახად. ჩვენი ყველა მცდელობა და გადაწყვეტილება ამ მიმართულებით არის მიმართული იქითკენ, რომ მაქსიმალურად შევარბილოთ ზემოქმედება. პირველი ჩვენ დავიწყეთ იმით, რომ კურსის დევალვაციის ნეგატიური ზემოქმედება შეგვერბილებინა სწორედ მოსახლეობაზე იმ ნაწილში, რაც ეხება აუცილებელ სასურსათო კალათას. ამის წყალობით, იმის მიუხედავად, რომ კურსი მაინც გაუფასურდა, მოვახერხეთ და დავაზღვიეთ ფასების ზრდა კონკრეტულ სასაქონლო საკვებ პროდუქტებზე. შემდეგი ნაბიჯია უკვე იგივე მიდგომა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ როგორც არაერთხელ ითქვა ჩვენი მხრიდან, მაქსიმალურად გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ ინფრასტრუქტურულ აღმშენებლობას და პროექტებს, ეს არ უნდა შეფერხდეს. ვიცით, რომ აქაც შეიქმნა ეს პრობლემები, იმიტომ რომ კურსთაშორის სხვაობა ზემოქმედებს მასალების ფასზე, სხვადასხვა იმპორტულ კომპონენტზე.ყველა ჩვენი ღონისძიება ამ ეტაპზე ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ეს არის ჩვენი რესურსი -კრიზისული საგანგებო ვითარება და საგანგებო ანტიკრიზისული ბიუჯეტის ნაწილი. თუ კონკრეტულად მექანიზმები აინტერესებს მედიას, დღევანდელი კანონმდებლობა და კონტაქტებიც მეტწილად იძლევა შესაძლებლობას, არის აქ გარკვეული რეზერვები და ჩვენ ამ რეზერვებს ავამოქმედებთ,“- განაცხადა ნათია თურნავამ.
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პრემიერის დავალების თანახმად, უკვე შეიმუშავა მექანიზმი, რომლის საშუალებითაც 9 უმთავრეს სასურსათო პროდუქტზე ფასები არ გაიზრდება. ამ 9 სასურსათო პროდუქტზე ფასების უცვლელად შენარჩუნებას სახელმწიფო დააზღვევს. ეს პროდუქტებია: ბრინჯი, წიწიბურა, მაკარონი, ზეთი, ფქვილი, ხორბალი, რძის ფხვნილი, შაქარი და ლობიო.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.
უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 130 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 26 უკვე გამოჯანმრთელდა.