აპლიკაცია, რომელიც ადამიანებს ინფიცირებულის სიახლოვეზე შეატყობინებს, საქართველოში იტესტება

1457

აპლიკაცია, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთ კომპონენტად დაინერგა, უკვე საქართველოში იტესტება.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, აპლიკაციის ამოქმედების შემთხვევაში მოქალაქეები მიიღებენ ინფორმაციას, ჰქონდათ თუ არა მათ კონტაქტი ინფიცირებულ პირთან. ასევე ინფორმაციას იმ ლოკაციებთან დაკავშირებით, სადაც ინფიცირებულ ადამიანებს შეხება ჰქონდათ.

აპლიკაციასთან დაკავშირებით ვგეგმავთ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას მოსახლეობისთვის. ის ამ ეტაპზე არის მხოლოდ სატესტო რეჟიმში და ჩვენ ვრწმუნდებით ახლა იმაში, რომ აპლიკაცია ნამდვილად იქნება ეფექტური და ასევე, მიმდინარეობს აპლიკაციის შესაბამისობაში მოყვანა ქართული რეალობისთვის და სხვადასხვა საინფორმაციო ბაზებით მისი გამყარება. მას შემდეგ შემდეგ რაც ეს ყოველივე იქნება მზად, ჩვენ შეგვეძლება უკვე მოქალაქეებს გავაცნოთ ამ აპლიკაციის დეტალები, რომ მათ შეძლონ საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვა, რათა ჰქონდეთ ინფორმაცია, თუ სად იმყოფებოდა ინფიცირებული და ჰქონდა თუ არა მას პერსონალურად პოტენციურ ინფიცირებულთან გარკვეული კონტაქტი, რაც დაეხმარება დაავადებათა კონტროლის ცენტრის ეპიდემიოლოგებს შემდგომი და ადრეული კონტაქტების დაიდენტიფიცირებაში,“- თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი აპლიკაცია კორეაში გამოიყენეს. ის სათვალთვალო კამერების კადრებით და საკრედიტო ბარათების გამოყენების შესახებ ინფორმაციით მუშაობს.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 130 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 26 უკვე გამოჯანმრთელდა.