ნათია თურნავამ განმარტა, რა წყაროებიდან დაფინანსდება დახმარების 2-მილიარდიანი პაკეტი

369

ეკონომიკის მინისტრმა ახსნა საიდან გამოიყოფა ის 2 მილიარდი ლარი, რომლითაც სახელმწიფო კორონავირუსით დაზარალებულ ეკონომიკას და მოქალაქეებს დაეხმარება.

„ძირითადი ნაწილი ჩვენი ღონისძიებების ეს არის ის თანხა, რომელიც ბიუჯეტში გვიდევს ან უნდა შემოსულიყო ბიუჯეტში და ჩვენ ამაზე გააზრებულად ვთქვით უარი. მაგალითად, იგივე გადასახადები, რომლებიც ჩვენ გადავავადეთ. რა თქმა უნდა, ეს არის სახელმწიფოს თანხა, ეს არის ბიუჯეტის თანხა და მე უკვე მოგახსენებთ, რომ ვმუშაობთ ანტიკრიზისული ბიუჯეტის ფარგლებში. არის ისეთი პრიორიტეტები, რომლებიც უცვლელი რჩება. ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტები. არის გარკვეული ღონისძიებები, რომლებიც დღეს აღარ არის იმდენად აქტუალური, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე და აქ ხდება სწორი რელოკაცია სახსრების“, – განმარტა თურნავამ.

მისივე თქმით, ეკონომიკური გუნდი დონორებთანაც მუშაობს, თუმცა დახმარებას მოსახლეობას ძირითადად სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ახორციელებს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ეკონომიკის მხარდაჭერისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო.

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მოხდება იმ ადამიანების იდენტიფიცირება, ვინც კორონავირუსის გამო სამსახური დაკარგა. როგორც პრემიერმინისტრმა აღნიშნა, იდენტიფიცირების შემდეგ მთავრობა მათ დაეხმარება.

ასევე, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ჩვენ თითოეულ მოქალაქეს, ყველას, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და ასევე, 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, 3 თვის განმავლობაში – მარტში, აპრილსა და მაისში სრულად დაუფინანსებს გადასახადებს.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 130 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 26 უკვე გამოჯანმრთელდა.