პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ის წინაპირობები დაასახელა, რაც კორონავირუსის გავრცელების შედეგად, უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობისთვის დახმარების პროგრამის შეთავაზებამდე უნდა დაზუსტდეს.
როგორც მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, მთავრობა ამ კუთხით ნაბიჯებს მაშინვე გადადგამს, როცა ასეთი შესაძლებლობა და მონაცემები ექნება.
„ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, გამოვიდეთ ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსივით და რაღაც დაპირებები გავცეთ. ჩვენი პასუხისმგებლობა ნიშნავს იმას, რომ თითოეული ნათქვამი სიტყვა შემდგომ უნდა შესრულდეს და ასე ყველანაირი დასაბუთების გარეშე საუბრები და პოლიტიკური ცეკვები მიუღებელია.
როგორც კი ზუსტად დავადგენთ ბიუჯეტს, წყაროებს, დაზარალებული ადამიანების სიებს, ვნახავთ საშემოსავლო გადასახადებში რა შემცირებებია და ვინ მიიღო პირდაპირი ზარალი, ვინ დაკარგა შემოსავალი, ჩვენ ამ ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა გახარიამ.
ამასთან, ამ თემაზე საუბრისას, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის შესაძლებლობები შეზღუდულია.
„ჩვენი ამოცანაა, ის რესურსი, რომელსაც ქართული ეკონომიკა აგენერირებს, მსგავს კრიზისულ მდგომარეობაში, ჩვენი მოქალაქეების, ეკონომიკის, ბიზნესის დასახმარებლად მაქსიმალურად რაციონალურად გამოვიყენოთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა დადასტურებულად ზუსტ პროგნოზს ვერავინ გვეუბნება, ეს კრიზისი რამდენ ხანს გაგრძელდება – ერთ კვირა, ერთი თვე, სამი თვე, თუ ექვსი თვე.
რა თქმა უნდა, ყველა პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ვალდებულია თავისი გეგმები მაქსიმალურად შესაძლებელ კრიზისულ დროზე გავაკეთოთ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და შესაძლებელია, ვიღაცას მოეჩვენოს, რომ დღეს ეს დახმარება მწირია, მაგრამ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ უნდა მოვემზადოთ ყველაზე მძიმე და ცუდი სცენარებისთვის, რასაც ვაკეთებთ“, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.
პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მოხდება იმ ადამიანების იდენტიფიცირება, ვინც კორონავირუსის გამო სამსახური დაკარგა. როგორც პრემიერმინისტრმა აღნიშნა, იდენტიფიცირების შემდეგ მთავრობა მათ დაეხმარება.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.
უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 130 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 26 უკვე გამოჯანმრთელდა.