საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონების მასშტაბით ინფრასტრუქტურულ პროექტებს უსაფრთხოების წესის დაცვით, შეუფერხებლად ახორციელებს.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის, გიგა მანდარიას განცხადებით, სამშენებლო ობიექტებზე მონიტორინგი სისტემატიურად მიმდინარეობს, იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ასრულებენ კონტრაქტორები დადგენილ რეკომენდაციებსა და მოთხოვნებს.
“კომპანია ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს როგორც წყალმომარაგების, ასევე წყალარინების სისტემების მშენებლობებს რეგიონებში და უწევს მუდმივ ზედამხედველობას ამ პროცესს. ასევე, ვახორციელებთ ობიექტებზე მონიტორინგს, თუ რამდენად არის დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები – ჰიგიენური დაცვის საშუალებები მუშა პერსონალისთვის და როგორ სრულდება სამუშაოები. ასევე, ვაცნობთ იმ დადგენილ წესებს, რაც მშენებლებმა სამუშაოების დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ. ამ ეტაპზე, კონტრაქტორები შეუფერხებლად აგრძელებენ მშენებლობებს ობიექტებზე”, – აცხადებს გიგა მანდარია.
ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით 900 მილიონ ლარამდე ღირებულების 40-მდე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. სამუშაოები საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორცილდება.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.
უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 130 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 26 უკვე გამოჯანმრთელდა.