თელავის აგრარულ ბაზარში შეზღუდვები ამოქმედდა

538

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმიდან გამომდინარე შეზღუდვები ამოქმედდა თელავის აგრარულ ბაზარში. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს.

აგრარულ ბაზარში მოქალაქეთა რაოდენობას შესასვლელ კართან მყოფი ბაზრის ადმინისტრაციის თანამშრომელი აკონტროლებს. მოვაჭრეები აცხადებენ, რომ შეზღუდვა ბაზრის ადმინისტრაციამ გამოაცხადა.

„გვითხრეს, რომ კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო შეზღუდვებს უნდა დავემორჩილოთ. საუბარი იყო იმაზეც, რომ სულ დაკეტილიყო ბაზარი, კიდევ კარგი, რომ ასე არ მოხდა და ახლა მოვაჭრეების რაოდენობაც შემცირებულია და ბევრი ჯიხური დაიკეტა“, – განაცხადა ერთ-ერთმა მოვაჭრემ.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკლიშვილის განმარტებით, აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე შეზღუდვები მოქალაქეების დისტანცირებისა და სანიტარული პირობების დაცვის მიზნით ამოქმედდა.

თელავის აგრარული ბაზარი ქალაქის ცენტრში მდებარეობს და ის ნახევრადდახურულ სივრცეს წარმოადგენს.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 115 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 23 უკვე გამოჯანმრთელდა.