ფოთში საზღვაო სასწავლებლის შენობის რეაბილიტაცია დაიწყო

401

ფოთში ჰიდრომელიაციური ტექნიკუმის შენობის რეაბილიტაცია დაიწყო, რომელშიც ცხრა თვის შემდეგ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი ამოქმედდება. ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული სასწავლებლის გახსნის ინიციატივა პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას ეკუთვნის. საზღვაო სასწავლებელი ქვეყანაში სანავსადგურე პროფესიების განვითარებას მოემსახურება და უზრუნველყოფს ფოთისა და ბათუმის, როგორც ქვეყნის ლოგისტიკური ცენტრების, მომარაგებას კომპეტენტური კადრებით.

სასწავლებელი 1000 სტუდენტზეა გათვლილი.

ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორის, ირაკლი შარაბიძის განცხადებით,  სარეალიბიტაციო  სამუშაოების პარალელურად მიმდინარეობს სასწავლო მოდულების შემუშავება, რომ სასწავლებელმა 2021 წელს სტუდენტების პირველი ნაკადის მიღება შეძლოს.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, თამარ იოსელიანის განცხადებით კი, 2021 წელს ფოთში თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტებით აღჭურვილი მაღალი დონის საზღვაო სასწავლებელი გაიხსნება, რომელიც მოამზადებს კადრებს საერთაშორისოდ მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი სპეციალობების მიხედვით.

თამარ იოსელიანის თქმით, ფოთის ფილიალის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება მეთევზე მეზღვაურთა და მაღალკვალიფიციური რიგითი და დამხმარე შემადგენლობის წვრთნის პირობების შექმნა იქნება, რაც საქართველოში თევზჭერის განვითარებას შეუწყობს ხელს.