ელექტროენერგიაზე დაწესებული შეღავათით ისარგებლებს 1 მილიონ 200 ათასი ოჯახი, ხოლო ბუნებრივ აირზე დაწესებული შეღავათით – 671 ათასი ოჯახი, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, კომუნალურ გადასახადებზე შეღავათის დასაწესებლად სახელმწიფო ბიუჯეტში 2 მილიარდი ლარი გამოთავისუფლდა.
„იმ ოჯახებისთვის, რომელთა ელექტროენერგიის მოხმარება არ აღემატება 200 კილოვატს თვეში, სახელმწიფო მარტის, აპრილის და მაისის გადასახადს აუნაზღაურებს, როგორც ელექტროენერგიის ნაწილში, ასევე დასუფთავების და წყლის გადასახადის ნაწილში. ეს არის შეღავათი, რომლითაც ისარგებლებს 1 მილიონ 200 ათასი ოჯახი. გარდა ამისა, ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, ყველა იმ ოჯახს, რომლის ბუნებრივი გაზის მოხმარება არ აღემატება 200 კუბურ მეტს თვეში, ასევე სახელმწიფო გადაუხდის მარტის, აპრილის და მაისის თვის დარიცხულ გადასახადს. ამ შეღავათით ისარგებლებს 671 ათასი ოჯახი. ეს არის მნიშვნელოვანი პაკეტი, რომელიც ჩვენმა გუნდმა შეძლო ჩვენი მოქალაქეებისთვის შეეთავაზებინა ბიუჯეტში გამოთავისუფლებული რესურსიდან, 2 მილიარდი ლარიდან. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის მხოლოდ ნაწილი იმ შესაძლო დახმარების, რომელსაც ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს შევთავაზებთ. როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, ჩვენ გავაგრძელებთ იმ კონკრეტული ღონისძიებების შეთავაზებას, რომელიც მიმართულია კონკრეტული ჯგუფების დასახმარებლად, რომლებიც ყველაზე ძალიან იგრძნობენ პანდემიის შედეგებს,“ – განაცხადა ცქიტიშვილმა.
მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ჩვენ თითოეულ მოქალაქეს, ყველას, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და ასევე, 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, 3 თვის განმავლობაში – მარტში, აპრილსა და მაისში სრულად დაუფინანსებს გადასახადებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა.
ყველა დაწესებულებას, გარდა სააფთიაქო ქსელის, სასურსათო მაღაზიებისა და ბენზინ გასამართი სადგურებისა, მუშაობა აეკრძალა, თუმცა, მუშაობის ნება დაერთოთ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე საწარმოებს, რომლებიც თანამშრომლებს, თავიანთი ტრანსპორტით მოემსახურება.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს.
ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.
უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 115 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 23 უკვე გამოჯანმრთელდა.