პრემიერმინისტრი გიორგი გახარია მთავრობას მოუწოდებს, ბიუჯეტები რაც შეიძლება რაციონალურად ხარჯონ.
როგორც გახარიამ განაცხადა, 2 მილიარდი ლარი არის კრიზისული ბიუჯეტი, რომლის ფარგლებშიც მთავრობა მუშაობს და გამოყოფილი თანხები მიმართულია იმისთვის, რომ მაქსიმალურად იქნას დაჭერილი ბალანსი როგორც ინფექციასთან ბრძოლის, ისე ეკონომიკური შესაძლებლობების შენარჩუნების თვალსაზრისით.
„საბოლოო ჯამში, ყველას მიზანია გავუმკლავდეთ ვირუსს ისე, რომ ჩვენს ეკონომიკას დარჩეს სწრაფი ზრდის პოტენციალი. უნდა გავუკმლავდეთ ვირუსს ისე, რომ ჩვენი ეკონომიკის ზიანი და სამუშაო ადგილების დანაკარგი იყოს მინიმალური. ეს არის გადაწყვეტილებები, რომელიც გუშინ მივიღეთ. მინდა, თითოეულ უწყებას მოგიწოდოთ, რომ ის რესურსები, რომელიც დღეს არის მობილიზებული კრიზისულ ბიუჯეტში, თქვენი უწყებების მიმართულებით, მაქსიმალურად რაციონალურად იყოს გამოყენებული. ჩვენ ვისაუბრებთ კიდევ მიმდინარე ხარჯების რადიკალურ შემცირებაზე, რასაც კრიზისული ბიუჯეტი ითვალისწინებს და ასობით მილიონზეა საუბარი. ჩვენ ყოველდღიურად ახალი გამოწვევების წინაშე გვიწევს ფუნქციონირება და ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა გახდეს რაციონალური, ეფექტური მოქმედება მენეჯმენტის ხარჯვით ნაწილში და ასევე ეფექტური მოქმედება ვირუსთან ბრძოლის ნაწილში“, – განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.
უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 115 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 22 უკვე გამოჯანმრთელდა.