“თბილისის მიკროავტობუსი“ იმ ორგანიზაციებს მოემსახურება, რომლებიც კარანტინის პირობებში მუშაობენ და პერსონალის გადაყვანა სჭირდებათ

585

წინა სტატია

“თბილისის მიკროავტობუსი“ იმ ორგანიზაციებს მოემსახურება, რომლებიც საყოველთაო კარანტინის პირობებში მუშაობას აგრძელებს.

როგორც “თბილისის მიკროავტობუსში “ აცხდადებენ, კომპანია უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს იმ ორგანიზაციებთან, რომლებსაც ესაჭიროებათ მომსახურე პერსონალის ორგანიზებულად გადაყვანა და მომზადებულია მომსახურების ფასის საერთო ფორმულაც.

„მოგახსენებთ, რომ ქვეყნაში, კორონავირუსის COVID19-ის გავრცელების გამო, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, რის შედეგადაც აიკრძალა მგზავრების საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაყვანა, მათ შორის მიკროავტობუსებითაც. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების მომსხურე პერსონალს შექმნილ ვითარებაში გადაადგილების პრობლემა შეექმნა, აღნიშნულის გათვალისწინებით, შპს “თბილისის მიკროავტობუსი” მოლაპარაკების რეჟიმშია ყველა იმ მსხვილ ფარმაცევტულ, სადისტრიბუციო თუ ქსელური მარკეტების მფლობელ კომპანიებთან, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას და ესაჭიროებათ მომსახურე პერსონალის ორგანიზებულად გადაყვანა, სწორედ ამიტომ, კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით და ქვეყნაში არსებული მნიშვნელოვანი მდგომარეობის გათვალისწინებით, ყველა ზემოთხსენებული ტიპის ორგანიზაციისთვის, შემუშავდა მომსახურების ფასის საერთო ფორმულა, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ ფინანსური სარგებლის გარეშე, შესაბამისად, ერთ მიკროავტობუსზე, ყოველდღიური მომსახურეობა (სატრანსპორტო საშუალების ავტოფარეხიდან დაძვრის შემდეგ, ავტოფარეხში დაბრუნებამდე) განისაზღვრა ფასით – ფიქსირებული 40 ლარი და განვლილი მანძილის მიხედვით, ერთ კილომეტრზე 0.70 ლარის გაანგარიშებით.

მგზავრების გადასაყვანად გასული ყველა სატრანსპორტო საშუალება ყოველდღიურად ასევე გაივლის დეზინფექციას. კომპანია “თბილისის მიკროავტობუსის” მენეჯმენტი ითვალისწინებს მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას, გამოთქვამს მზადყოფნას მოემსახუროს აღნიშნული ტარიფით ყველა იმ კომპანიას, რომელთა ჩვეულ რეჟიმში მუშაობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის,“- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 110 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 21 უკვე გამოჯანმრთელდა.