დღეს, 21:00 საათიდან, ქალაქ თელავის შესასვლელებში ოთხი ბლოკ-პოსტი მოეწყობა. ბლოკ-პოსტების განლაგება. ასეთია შუამთის მიმდებარე ტერიტორია, გურჯაანის მხრიდან – დაახლოებით წინანდლის ტერიტორია, ყვარელის მხრიდან – მდინარე ალაზნის ხიდის მიმდებარე ტერიტორია და ახმეტის მხრიდან – სოფელ ვარდისუბნის ტერიტორია. ამის შესახებ გამოცემა სპექტრი წერს.
ბლოკ-პოსტებზე განთავსდებიან თავდაცვისა და პოლიციის წარმომადგენლები, აგრეთვე ექიმები.
ყველა შემომსვლელ და გამსვლელ მოქალაქეს ჩაუტარდება თერმოსკრინინგი.
თერმოსკრინინგის შედეგად, ბლოკ-პოსტზე გამოვლენილ საეჭვო შემთხვევებს, კახეთის სამ საავადმყოფოში გადაიყვანენ და შესაბამის ანალიზს ჩაუტარებენ.
თელავსა და ახალციხეში ბლოკ-პოსტების მოწყობის გადაწყვეტილება მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დღეს მიიღეს.
სპეციალური გამშვები პუნქტები უკვე მოწყობილია საქართველოს კიდევ 7 ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავშს, ზუგდიდში, ფოთსა და გორში.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.
უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 110 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 21 უკვე გამოჯანმრთელდა.