საქართველოს პრემიერმინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ წესები დაიცვას და შეზღუდვებს დაემორჩილოს.
მისივე თქმით, პროცესს სამართალდამცველები მკაცრად გააკონტროლებენ.
„გუშინ, როგორც პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას აცნობა, მიღებულია გადაწყვეტილება ფაქტორივად ე.წ. კომენდანტის საათის ამოქმედების შესახებ. დღეს, ეს შედის ძალაში – 21:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე არის აკრძალული ყველა სახის გადაადგილება როგორც ტრანსპორტით, ასევე ფეხით. ეს არის აუცილებელი ზომა, რომელიც საჭირო იყო, რათა მაქსიმალურად შეგვეფერხებინა ვირუსის გავრცელება. მოსახლეობას მივმართავთ, დაიცვან ეს შეზღუდვა. სამართალდამცავები მკაცრად გააკონტროლებენ ამ შეზღუდვის მოქმედებას“ ,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება.
ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.
უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 110 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 21 უკვე გამოჯანმრთელდა.