კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დისტანციური სწავლების მეთოდების გაძლიერება დაევალა.
განათლებისამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან, განათლების სამინისტრო საჯარო სკოლებს ონლაინ სწავლებისთვის ერთ-ერთ ალტერნატიულ საკომუნიკაციო საშუალებად პირველ ქართულ პლატფორმას, “Feedc Edu”- ს სთავაზობს.
მათივე ცნობით, არსებული ვითარების გათვალისწინებით, სამინისტრო ინტენსიურ ნაბიჯებს დგამს, რათა განათლების სისტემაში შემავალი თითოეული რგოლი, განსაკუთრებით კი სკოლის მოსწავლეები, არ ჩამორჩნენ სასწავლო პროცესს. შესაბამისად, სამინისტრო აძლიერებს ელექტრონულ და სატელევიზიო ფორმატებს, როგორც სწავლა-სწავლების პროცესის წარმართვის ეფექტიან დისტანციურ საშუალებებს.
„აღნიშნული პლატფორმა სრულიად უფასოა, სრულყოფილად მუშაობს ნებისმიერ სმარტფონზე და არ სჭირდება მაღალი სიჩქარის ინტერნეტი. მასზე შესაძლებელია დავალებების გაზიარება, ფაილების ატვირთვა/ჩამოტვირთვა და ჯგუფური მეცადინეობის წარმართვა. მისი გამოყენება მარტივია, როგორც მასწავლებლისთვის, ასევე მოსწავლისა და მშობლისთვის. ასევე, მარტივია რეგისტრაციის გავლა, რაც მობილური ტელეფონის ნომრით არის შესაძლებელი. იმ შემთხვევაში თუ, მომხმარებელს შეკითხვები გაუჩნდება, მას პლატფორმის ტექნიკური ჯგუფი “Feedc Edu” -ზე არსებული „ჩათის“ მეშვეობით ონლაინ რეჟიმში გაუწევს დახმარებას. გარდა ამისა, მომხმარებელს შეუძლია ვებ-გვერდზე არსებული ვიდეოინსტრუქციის მეშვეობით გაეცნოს მოხმარების წესებს. ასევე, დაინტერესებულ პირებს Facebook-ში შეეძლებათ მოიძიონ დამატებითი მხარდაჭერის ჯგუფი „Feedc Edu”, რომელიც დაეხმარება მათ რეგისტრაციასა და პლატფორმასთან მუშაობაში.
ამასთან, ტექნიკური დახმარების მიღების მსურველებს დამატებით შეეძლებათ გააგზავნონ შეკითხვები შემდეგ ელ.ფოსტაზე – edu@feedc.com, ან დარეკონ ტელეფონის ნომერზე: +995 555 458 417.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სამაგალითოდ მიიჩნევს იმ სოციალურ პასუხისმგებლობას, რაც კომპანია „ფიდს“-მა საზოგადოების მიმართ გამოიჩინა. ქვეყანაში არსებული ვითარებისა და გლობალური სიტუაციის გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა და სოლიდარული ურთიერთობა“, – განმარტავენ სამინისტროში.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინია გამოცხადებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს.
ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი გამოცხადდა.
უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 110 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 21 უკვე გამოჯანმრთელდა.