რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, დღეს მიღებული შეზღუდვები არც შიდა და არც საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე არ ვრცელდება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“აღნიშნული შეზღუდვები არ ვრცელდება არც საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე და არც შიდა სატვირთო გადაზიდვებზე. ეს შეზღუდვები არ ვრცელდება დღეს არც მარნეულსა და ბოლნისში, მიუხედავად იმისა, რომ იქ არის სრული კარანტინი. სატვირთო გადაზიდვები ხორციელდება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, გარკვეული პირობების დაცვით – კორიდორით, მიცილებით და ა.შ. ისე, როგორც ამას შსს ჩათვლის საჭიროდ”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი ცხადდება.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს.
ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.
უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 100 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 18 უკვე გამოჯანმრთელდა.