კახეთში, შესაძლოა, ბლოკ-პოსტები მოეწყოს

472

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი არ გამორიცხავს, რომ რეგიონში, ორ ლოკაციაზე, ბლოკ-პოსტები მოეწყოს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.

ნელი ხიზანიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ბლოკ-პოსტების შექმნის შემთხვევაში მოქალაქეები თერმოსკრინინგს გაივლიან.

ხიზანიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო სწორი იქნება COVID19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები კიდევ უფრო გამკაცრდეს.

მისივე თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებაში კახეთიდან არც ერთი მოქალაქე არ გადაუყვანიათ კორონავირუსის მქონე სიმპტომებით.

ბოლო მონაცემებით, კახეთიდან მარნეულის კორონავირუსით ინფიცირების ე.წ. კლასტერთან არანაირი კონტაქტი ან კავშირი არ იკვეთება.

შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის 29 მარტს ფოთის ორივე შესასვლელში ბლოკ-პოსტები მოეწყო და საგანგებო მდგომარეობის წესები გამკაცრდა. ბლოკ-პოსტები მოეწყო ასევე ზუგდიდის შესასვლელშიც,

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული. მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტის თავშეყრა და ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 98 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 18 უკვე გამოჯანმრთელდა.