ფოთის მერიის ინფორმაციით, ფოთის ორივე შესასვლელთან ე.წ საპოლიციო ბლოკპოსტია მოწყობილი.
ფოთის მერიის ცნობით, ფოთის შესასვლელ-გასასვლელში შექმნილ ბლოკ-პოსტებში ავტომანქანების შემოწმება ინტენსიურად მიმდინარეობს. მათი ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ტრაილერებს და უცხოელ მძღოლებს. შემოწმებას შსს-ს წარმომადგენლები ახორციელებენ.
„ქალაქში მაქსიმალურად მიმდინარეობს იმ რეკომენდაციების დაცვა, რაც გასცა ჩვენმა ცენტრალურმა ხელისუფლებამ. მიმდინარეობს ყველა პრევენციული სამუშაოები. მოსახლეობას ვაფრთხილებთ, რომ განსაკუთრებული საჭიროებების გარეშე არ გამოვიდნენ სახლებიდან. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ იქიდან გამომდინარე, ჩვენი ქალაქი სანავსადგურო ქალაქს წარმოადგენს, მაინც შეიმჩნევა მოსახლეობის გადაადგილება სამუშაო ადგილებზე და მაქსიმალურად დაცული რომ იყოს თითოეული მოქალაქე ვირუსის გავრცელებისგან, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქალაქის შესასვლელ-გასასვლელში შეიქმნას ბლოკ-პოსტები შსს-ს წარმომადგენლების მიერ. აღნიშნულ ბლოკ-პოსტებზე ინტენსიურად მიმდინარეობს ქალაქში შემომსვლელი მანქანების შემოწმება. განსაკუთრებით კონტროლზეა სატვირთო მანქანების და უცხოელი მძღოლები და ვფიქრობ შედეგად, მინიმუმამდე იქნება შემცირებული ვირუსის გავრცელების შესაძლებლობა”, – განაცხადა ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ.
მერიის ცნობით, ფოთის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო ბუკლეტები რიგდება. გამაფრთიხელებილი სტიკერები გაიკრა სასურსათო მაღაზიებზე, აფთიაქებსა და სხვა ობიეტებზე.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობას, გაუფრთხილდნენ ერთმანეთის ჯანმრთელობას და დარჩნენ სახლში, ვინაიდან სოციალური დისტანცირება ვირუსთან ბრძოლაში უმთავრესი იარაღია.
მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დაკავშირება”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის 29 მარტს ფოთის ორივე შესასვლელში ბლოკ-პოსტები მოეწყო და საგანგებო მდგომარეობის წესები გამკაცრდა. ბლოკ-პოსტები მოეწყო ასევე ზუგდიდის შესასვლელშიც,
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული. მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტის თავშეყრა და ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან.
უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 98 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 18 უკვე გამოჯანმრთელდა.